რეგიონი
ვინ გახდა საპატიო ზუგდიდელი (ვიდეო)
"ზუგდიდობის" სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე ზუგდიდელი დააჯილდოეს. „საპატიო ზუგდიდელის“ ტიტული ხუთ ქალაქელს ერგო.

საპატიო მოქალაქეები გახდნენ ექიმი ფრიდონ თოდუა, საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე ოთარ ფაცაცია, ქორეოგრაფი თამაზ მოსია, საგანგებო სიტუაციებისა მართვის სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა, მეეზოვე ზაირა-თამარ სალია.

საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და კონცერტი დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის ეზოში გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

კონცერტში ანსამბლი „ოდოია“, დავით ევგენიძე, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონო მონაწილეობდნენ. საღამო ეკა ხოფერიას, ლევან ხურციასა და მირიან ჯეჯელავას მიჰყავდათ.

საპატიო მოქალაქეებს მოოქროვილი მედლები, სიგელები, ეროვნული ბანკის ოქროს მონეტები და რადიო "ათინათის" გადაცემა "კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციების" დისკებზე ჩანაწერი გადასცეს.

საპატიო ზუგდიდელების ვინაობა, შემოსული განცხადებების საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
Print