რეგიონი
"ევროპული კაფეების ტური" ზუგდიდში (ვიდეო)
სლოვაკი და ქართველი ექსპერტები, "ევროპული კაფეების ტურის" მეორე ეტაპის ფარგლებში, დღეს ზუგდიდს სტუმრობდნენ. მათ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა.

სლოვაკმა ექსპერტებმა, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმსა და ზოგადად, რეგიონის განვითარებაზე ისაუბრეს.

სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის მარსელა ხრენეკოვას თქმით, ევროკავშირთან 30-ზე მეტ საკითხზე მოილაპარაკეს და აქედან ყველაზე რთული თემა სოფლის მეურნობა იყო. მისივე თქმით, მათ ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ფასად ჰქონდათ განზრახული, რაც შეცდომა იყო. 

"პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ ეროვნული და რეგიონის ინტერესები", - აღნიშნა მარსელა ხრენეკოვამ.

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორმა მიხეილ მირზიაშვილმა შეხვედრაზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა. 

"მაგალითად, გასულ წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 83% არის გაზრდილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია", - თქვა მირზიაშვილმა.

"ევროპული კაფეების ტური" პროექტის "საქართველო ევროპულ გზაზე" ფარგლებში ხორციელდება. მას გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი GLOBSEC (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკურიკური კომისია) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეთის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ტარდება. მისი მთავარი მიზანი სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებაა.

Print