რეგიონი
კამპანია "მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში" ზუგდიდში (ვიდეო)
საარჩევნო თემაზე კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში ჩატარდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და პარტიის წარმომადგენლებს კითხვები სხვადასხვა საკითხზე ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დაუსვეს. შეხვედრას ორგანიზება ,,სიდას“ პარტნიორმა არასამთავრობოებმა: ასოციაცია „ათინათი“, „თანაზიარი“, „იმედი“, „საუნჯე“ და "დეა“ გაუწიეს.

ასოციაცია „ათინათის“ კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ქვეყანაში დეცენტრალიზაციის გაგრძელება, მათ შორის, სოფლისა და თემის დონეზე, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა არსებობდეს სოფლის კრებები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნება არჩეული.

„თავის მხრივ, ამ კრებამ უნდა აირჩიოს სოფლის რწმუნებული ან კრების თავმჯდომარე, რომელიც რეალური შუამავალი იქნება ხალხსა და თვითმმართველობას შორის. ეს ადამიანი კი პასუხისმგებელი იქნება თავისი სოფლის მოსახლეობასთან და არა პირდაპირ გამგებელთან“, - აღნიშნა წითლიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლმა თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის საკითხზე აქტიური მუშაობა მისმა პარტიამ დაიწყო და ამ მიმართულებით მომავალშიც ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. „ჩვენი პარტია მუშაობს იმაზე, რომ თემები კიდევ უფრო დაიყოს, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მოსახლეობასთან. ასევე აუცილებელია ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია. ადგილობრივი შემოსავლის ნაწილი და ფიზიკური პირებიდან საშემოსავლოს არანაკლებ 25% ადგილზე უნდა რჩებოდეს“, - თქვა თენგიზ ქოჩუამ.

ასოციაცია „დეას“ კითხვაზე, რომელიც განათლების ღია ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას საკანონმდებლო დონეზე გულისხმობდა, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბესიკ თოდუამ უპასუხა, რომ „უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოსწავლეს არ ჭირდებოდეს რეპეტიტორი და საჭირო ცოდნას, რომელიც მას უმაღლესში მოსახვედრად სჭირდება სკოლის დონეზე იღებდეს“. მისი თქმით, საჭიროა სკოლის რეფორმა.

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლის მსგავსად, „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ფიქრობს, რომ საშუალო განათლება ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრისთვის არის საჭირო და ამ მიმართულებით ცვლილებებია საჭირო.

ასოციაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ დეპუტატობის კანდიდატებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობენ ისინი მედიკამენტების მაღალ ფასზე და მომწოდებელთა მონოპოლიზებულ სისტემაზე, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც მხოლოდ ურგენტულ მომსახურეობას აფინანსებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის გიზო სართანიას თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ხარვეზები არსებობს და ის უნდა შეიცვალოს.

„არ შეიძლება მე, რომელსაც მაქვს ხელფასი და სოციალურად შეჭირვებული ადამიანი, რომელსაც არა აქვს სამსახური და შემოსავალი, ერთნაირად ვიყოთ დაზღვეულები. ჯობია სახელმწიფო ასეთ ადამიანებს უფრო მეტად დაეხმაროს და აქცენტი მათზე გააკეთოს“, - აღნიშნა გიზო სართანიამ.

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.


Print