რეგიონი
პაატა ბურჭულაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა (ვიდეო)
“პოლიტიკური გაერთიანება - სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე კომბინატის კულტურის სახლში ამომრჩევლებს შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ცხადაია ოფიციალურად წარადგინა. მანვე შუალედურ არჩევნებზე ე.წ. "პრესოვკა-მახარაძის" უბანში კანდიდატად დავით დგებუაძე დაასახელა და მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. პაატა ბურჭულაძემ საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 2012 წელს მოსახლეობისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულებულა.

„როგორ დავიჯერეთ ჩვენ, ყველამ ერთად, უფასო ელექტროენერგია და უფასო გაზი“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას, პოლიტიკური გაერთიანება, გამარჯვების შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, პენსიონერებს პენსიის 250 ლარამდე გაზრდას, უფასო მედიკამენტების დაფინანსებას ჰპირდებიან. ამასთან, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით გეგმავენ. რაც შეეხება განათლების სფეროს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ სრულფასოვანი განათლებისთვის მოსწავლეებს წიგნების შესაძენად 1200 ლარიან ვაუჩერებს ჰპირდება.

„ეს პროგრამა შეიძლება მთავრობამ წაიღოს, მაგრამ ვერ გააკეთებს, რადგან არ ჰყავს პროფესიონალთა გუნდი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

Print