რეგიონი
ურთიერთბრალდებები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის (ვიდეო)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ე.წ პრესოვკა-მახარაძის უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო კვარაცხელია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მისი ოპონენტის

დათო ვერავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. კვარაცხელიას განცხადებით, ვერავამ მას ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში გამართულ დებატებზე შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ იცრუა, როდესაც აღნიშნა, რომ ნინო კვარაცხელია მერიის სოციალური სამსახურის წამყვან სპეციალისტის პოზიციიდან ტესტირებაში ჩაჭრის გამო გაათავისუფლეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ წარმატებით გაიარა საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირება და გამსვლელი, 33 ქულა მოიპოვა, ხოლო დავით ვერავას მოუწოდა, დაინტერესდეს ქალაქის მერიაში დასაქმებულთა ბიოგრაფიებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დავით ვერავამაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის ნინო კვარაცხელიას დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების პასუხად მინდა ვთქვა, რომ არავითარი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურ სიმართლეს შეიცავდა. პირიქით, ქალბატონ კვარაცხელიას აქვს ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის და იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც დღეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ქალბატონ ნინოს მიერ წარმოდგენილი ცნობა არ უკავშირდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებს, სადაც მან მეორე ეტაპზე (ტესტირება) ვერ მიიღო მინიმალური ზღვარის დამაკმაყოფილებელი ქულა, რათა გადასულიყო შემდეგ ეტაპზე. მის მიერ დღეს წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს მხოლოდ მის არა ქალაქ ზუგდიდის, არამედ აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საატესტაციო-საკონკურსო გამოცდაზე მიღებულ შედეგებს, სადაც მისი რეზულტატი შეადგენს მინიმალურ 33 ქულას, რაც დასტურდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით, რომელიც მან წარადგინა".

Print