რეგიონი
დრანდის ციხიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით სამართალდამცავები დააკავეს
დრანდის ციხიდან პატიმართა გაქცევასთან დაკავშირებით მილიციის 9 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრმა ასლან კობახიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გაქცეულებმა აფხაზურ-ქართული საზღვარი გადალახეს და საქართველოს ტერიტორიაზე მიიმალნენ. ამავე ცნობით, 2016 წლის პირველ ოქტომბერს, დილის 09:50 საათზე დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან სამი პატიმარი, გურამ ინაპშბა, რევაზ უგრეხელიძე და ბაჩუკა ლატარია, გაიქცა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი გაქცეული, ხობის მცხოვრები ბაჩუკი ლატარია, 2014 წლიდან "წინასწარი განზრახვით, სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფურად, იარაღის გამოყენებით ადამიანის გატაცების" ბრალდებით 12 წლიან სასჯელს იხდიდა. მან ერთხელ, 2015 წლის 10 დეკემბერს, უკვე მოახერხა ციხიდან გაქცევა, თუმცა სამართალდამცავებმა ის იმავე დღეს დააკავეს.

ასლან კობახიას განცხადებით, ეს იყო ორგანიზებული გაქცევა და წინასწარი მომზადების გარეშე ის ვერ განხორციელდებოდა.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


Print