რეგიონი
"მეტი ქალი პოლიტიკაში" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, მთავარი ხეივნის შუაგულში არაპოლიტიკური აქცია "მეტი ქალი პოლიტიკაში" გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობაა საჭირო, რადგან ეს გენდერულად თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის "სოხუმი" პროექტის "ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო პროცესის დემოკრატიზაციის გზით" ფარგლებში გაიმართა და მას ადგილზე ორგანიზება  ასოციაცია "იმედმა" გაუწია.

"სურვილი გვაქვს, რომ თუნდაც მეორე საპარლამენტო არჩევნებში მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, რადგან ვთვლით, რომ პოლიტიკაში ქალების არსებობა მნიშვნელოვანია", - თქვა ასოციაცია "იმედის" წარმომადგენელმა ივდითი ხვიტიამ.

აღნიშნული პროექტის მიზანია ამომრჩეველ ქალთა აქტიურობის ხელშეწყობა და მათი როლის ამაღლება არჩევნების პროცესის დემოკრატიზაციის გზით საქართველოში. პროექტი დემოკრატიის მხარდამჭერი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ საელჩო საქართველოში აფინანსებს. იგი დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და სენაკი) ხორციელდება.

Print