რეგიონი
თაბუკაშვილის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ახალი ჭაბურღილი აქვთ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნა. დევნილთა სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ახალი ჭაბურღილი სამშენებლო კომპანია "დაგი"-ს ორგანიზებით გაითხარა. მოსახლეობას სუფთა წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა.

"როგორც მოგეხსენებათ, ძველი ჭაბურღილი იყო დაბინძურებული და მოიწამლა ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენმა სამინისტრომ ჩათვალა, რომ უნდა გაკეთებულიყო ახალი ჭაბურღილი, რომელიც გაფილტრულია, წვეთოვანი დაყენებულია და ექსპლოატაციაში უკვე შევიდა", - უთხრა რადიო "ათინათს" მანუჩარ ჩილაჩავამ.

მისივე ცნობით, ჭაბურღილი "გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიას უახლოეს მომავალში გადაეცემა და მის უსაფრთხოებაზე ის იქნება პასუხისმგებელი.

ცნობისთვის, დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილი, დაახლოებით, 6 თვის წინ დაბინძურდა და ნაწლავური ინფექცია გავრცელდა. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ. სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მოთხოვნით თაბუკაშვილზე მცხოვრები დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავდნენ.


Print