რეგიონი
ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ. კომპანიის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს ქალაქის სასმელი წყლის სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო.
სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება, რის შედეგადაც 10 000-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილები, შემკრები რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამანაწილებელ ქსელს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 13 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.
შეხვედრისას, გუბერნატორმა და კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას, სამეგრელოს რეგიონში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე, სხვა მასშტაბური პროექტებიც წარუდგინეს.
Print