რეგიონი
სუს: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს (ვიდეო)
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დღეს გალში შეხვედრა, თითქმის,7 საათს გაგრძელდა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შერეულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასა და დრანდის ციხეში მყოფ უკანონო პატიმრებს.

მისივე ცნობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრას ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინა შეხვედრების დროს გადაცემული მასალები დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხრიდან აუცილებელია დოკუმენტების ხელახლა გადაცემა", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მისივე შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ორი განზომილება აქვს, პოლიტიკური და პრაქტიკული.

"ჩვენ ამ საკითხს აღვიქვამთ და ვუყურებთ პრაქტიკულ ჭრილში და სწორედაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ზოგადად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ნებისმიერ საკითხს უნდა განიხილავდეს პრაქტიკულ და არა პოლიტიკურ ჭრილში", - დასძინა მან.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების საკითხი.

"ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა, ჩვენს მიერ მიღებული არის და ეს საკითხი დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი", - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მორიგი შეხვედრა გალში 11 ნოემბერს ჩაინიშნა.

Print