რეგიონი
„მე გადავცურე ენგური“ - ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმი
ეროვნული კინოცენტრის ჯილდო და დაფინანსება ანუნა ბუკიამ პროექტისთვის „მე გადავცურე ენგური“ მიიღო. რეჟისორმა რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი მისი ოჯახის ისტორიაზეა აგებული. იდეა კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა მეგობართან ერთად სვანეთში იმოგზაურა.

„ერთ დღეს დავინახე, რომ ჩემი ამხანაგი მდინარე ენგურს ელაპარაკებოდა. მისი სახლი, მისი მშობლები აფხაზეთში არიან. როდესაც ვკითხე, მიპასუხა, რომ ენგურის წყალთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა. ჩვენ შორის არის მსგავსებებიც და განსხვავებებიც. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც უფრო რთული ეტაპი დაიწყო“, - გვითხრა ფილმის რეჟისორმა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე. იგი იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა. ფილმის გადაღებები, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში რეჟისორი, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა რეალური პროტოტიპები მონაწილეობენ. ფილმი ხურჩისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიღეს.

ანუნა ბუკიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მისი დიდი სურვილია, ფილმის პრემიერა ზუგდიდში შედგეს.


Print