სპორტი
ნიკოლოზ აფაქიძე: სახელფასო დავალიანების გამო, შესაძლოა, თამაშებზე არ გავიდეთ
ზუგდიდის „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს, თითქმის ორი თვეა, ხელფასები არ აუღიათ. რადიო „ათინათთან“ საუბრისას გუნდის ფეხბურთელმა, ნიკოლოზ აფაქიძემ, განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართავენ. იმ შემთხვევაში, თუ სახელფასო დავალიანება არ დაიფარება, შესაძლოა, "ბოლნისთან" თამაშზე არ გავიდნენ. ხვალ „ზუგდიდს“ ჩემპიონატის მორიგი მატჩი აქვს, თუმცა, ორი დღეა, არ ვარჯიშობენ.

„რაც ინვესტორი გვყავს, ერთი თეთრი არ ჩარიცხულა გუნდში. დღეს სკაიპით ფეხბურთელები ვესაუბრეთ უკრაინელ ინვესტორს, რომელსაც უნდა დაერიცხა ხელფასები. როგორც გავიგეთ, ხელშეკრულების მიხედვით, გუნდის 51 %-იანი წილის მფლობელს თანხის არდარიცხვის შემთხვევაში, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ჩამოერთმევა კლუბი“, - განმარტა აფაქიძემ.

კლუბის დანარჩენი წილის მფლობელი ზუგდიდის მერიაა. აფაქიძის თქმით, საფეხბურთო კლუბს ქალაქის მერიისთვის, ჯერჯერობით, არ მიუმართავს.

ამ დრომდე მერიის პრეს-სამსახურში, ზარებს არ პასუხობენ.

Print