რეგიონი
ანი წითლიძე: ადმინისტრაციული ხარჯები ხელოვნურად არის გაბერილი (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიაში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე, 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის დამტკიცებაზე იმსჯელეს.

ბიუჯეტში ცვლილება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს. ანი წითლიძის თქმით, წლის ბოლოს დარჩენილი აუთვისებელი 400 ათასი ლარი, მერიამ სხვა მუხლებში არ უნდა გადაანაწილოს, არამედ ის უნდა მოხმარდეს პრობლემატური საკითხების მოგვარებას.

„თავიდანვე, როდესაც დაიგეგმა 2016 წლის ბიუჯეტი, ჩვენ აქცენტირებას ვაკეთებდით იმაზე, რომ ხელოვნურად იყო გაბერილი ადმინისტრაციული ხარჯები“, - განაცხადა მან.

ოპონენტების შენიშვნებს არ დაეთანხმა ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მისი განმარტებით, ათი თვის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებიდან გაკეთებული ეკონომია სხვადასხვა მუხლში გადანაწილდა.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც სპეცტექნიკა არ გააჩნდა, გამოყოფილი იყო თანხა შესაძენად, თუმცა ერთერთმა არასამთავრობომ, საჩუქრად ერთი ტრაქტორი გადმოგვცა, ხოლო თანხა რაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვას დავამატეთ“,- განაცხადა ქალაქის მერმა.
Print