რეგიონი
საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვითრეგულირების მექანიზმზე მუშაობენ (ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა. შეხვედრაზე იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

როგორც რადიო "ათინათს" ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნებისმიერი შენიშვნა მიღებული და გაზიარებული იქნება.

"ჩვენი მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო სექტორს ჰქონდეს ერთიანი გაგება და ღირებულება, რომელსაც ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა ეფუძნებოდეს. შემდეგ კი  დეკლარაციას მოეწერება ხელი", - თქვა პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე დანელიამ.

დეკლარაციაში გაზიარებულია ევროპულ ღირებულებები, თანასწორობა და სხვა დემოკრატიული ფასეულობები. ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლობა და საჯაროობაა.

"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორების ცენტრის" წარმომადგენელი ციცინო შენგელია ამბობს, რომ დეკლარაციის ტექსტი მისაღებია. მომავალში კი, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, დოკუმენტი დაიხვეწება და ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობასა და ნდობის გაღრმავებას.

Print