რეგიონი
ჯეჯელავა ზუგდიდში რექტორებს ხვდება (ვიდეო)
შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გასვლითი დახურული სხდომა იმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის რექტორი იღებს. დღევანდელ სხდომაზე განსახილველად 15 საკითხია წარდგენილი. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შეკრების ასეთი ტრადიცია ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია.

"კარგია, რომ მეც და რექტორებსაც გვეძლევა შესაძლებლობა, გავეცნოთ რეგიონებში უნივერსიტეტებს. დღეს საკმაოდ მდიდარი დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც საჭირბოროტო საკითხებს ეხება. ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელი სხდომა ზუგდიდში ტარდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უნივერსიტეტის რექტორის, თეონა ხუფენიას თქმით, მსგავსი ინიციატივები ადასტურებს სამინისტროს მხარდაჭერას რეგიონული უნივერსიტეტებისადმი.

"დღევანდელ სხდომაზე ჩვენგან დაფიქსირდება დევნილთა თემა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული აბიტურიენტების ჩარიცხვის გამარტივების წესები", - აღნიშნა ხუფენიამ.

სხდომის დაწყებამდე უნივერსიტეტის პროფესიული, მათ შორის, საგნობრივი, ასევე მოდულური, დუალური საპილოტე პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
Print