რეგიონი
თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის მერია თანხას გამოყოფს (ვიდეო)
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროექტისთვის მერიის სარეზერვო ფონდიდან 58 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მურთაზ ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული თანხა საპროექტო დოკუმენტაცის მოსამზადებლად საკმარისია, ხოლო უშუალოდ თეატრის რეაბილიტაციაზე კულტურის სამინისტრო იზრუნებს. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს დონორი მოძიებული ჰყავს და სარემონტო სამუშაოები შემდგომში დაიწყება.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ამის დაგეგმვა წლის დასაწყისშიც შეიძლებოდა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ უპასუხა, რომ იმ ეტაპისთვის არ იყო ცნობილი საჭირო ხარჯების შესახებ.

"ძალიან კარგია, რომ წლის ბოლოს მიხვდა მერია, რომ სარეზერვო ფონდში არსებობს თანხა და ამიტომაც კარგი იქნება, თუ მას გამოიყენებენ თეატრისთვის, თუმცა, წლის დასაწყისში რომ გადაერიცხათ ეს თანხა, უფრო ეფექტური და რაციონალური იქნებოდა", - აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის სახლ „ოდიშში“ იმართება.

Print