რეგიონი
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ ბიუჯეტის საჯაროობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფრაქცია იწყებს აქტიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, მათთან სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებს. მან საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, ბიუჯეტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და რეკომენდაციები საკრებულოს მიაწოდონ.

ამ საკითხზე მზადყოფნა და თანხმობა განაცხადეს საკრებულოს წევრებმა.

"მინდა მოვუწოდო ყველა ზუგდიდელს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის განხილვაში, რადგან ეს არის ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრავს, როგორი იქნება ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა", - დასძინა წითლიძემ.

ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.

"შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ განხილვაში. მათი შენიშვნების საფუძველზე ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას და რეკომენდაციის სახით მივაწვდით ზუგდიდის მერიას", - განაცხადა თოდუამ.

Print