რეგიონი
მოსკოვსა და სოხუმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ კანონი დამტკიცდა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ, პლენარულ სხდომაზე, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების რატიფიცირებული შეთანხმების ფედერალური კანონი დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების რეალიზაციისთვის უფლებამოსილი ორგანოები რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროები იქნებიან. მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 24 ნოემბრამდე განისაზღვრა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები შევლენ. მის მართვას, „ერთიანი სარდლობა, ორივე ქვეყნის ერთობლივად მიღებული დირექტივების საფუძველზე განახორციელებს“.

ჯარების გაერთიანების შექმნას მოსკოვსა და სოხუმს შორის 2015 წლის 21 ნოემბერს გაფორმებული „ სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს.

დღესვე, რუსეთის ფედერაციის საბჭომ, დე ფაქტო აფხაზეთთან სამართლებრივ სფეროში, სისხლის სამართლის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაც მოახდინა.


Print