რეგიონი
"გამჭვირვალობა" ზუგდიდის გამგეობაში ატესტაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"- მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაწყებულ ატესტაციასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პროცესის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ რამდენიმე გარემოება აყენებს. მათ შორის ის ფაქტები, რომ "ატესტაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების (საპარლამენტო და გამგებლის რიგგარეშე) მეორე ტურის ჩატარებიდან 2 დღეში იქნა მიღებული".

ორგანიზაციის ცნობით, მათ გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა მიმართა.

"ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ატესტაცია მმართველი ძალისათვის „არასასურველი” მოხელეების გათავისუფლების მექანიზმად იქცეს. ჩვენ შევისწავლეთ ის გარემოებები, რაც ამ საკითხს ახლავს თან და მიგვაჩნია, რომ გარკვეული კითხვები ნამდვილად ჩნდება პროცესის სანდოობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, არ დაუშვას ატესტაციის პროცესის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვება", - ნათქვამია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-ს პოზიციით აუცილებელია, რომ "ატესტაციის ჩატარებამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეორგანიზაციისა და მისი მიზნების შესახებ;

პირველ ეტაპზე ჩატარდეს რეორგანიზაცია და შემდეგ ატესტაცია, რადგან რეორგანიზაციის მთავარი მიზანი კადრების ოპტიმიზაცია და შესაბამისი ცვლილებების საშტატო ნუსხაში ცვლილებების ასახვაა. ატესტაციის პარალელურად ან წინსწრებით ჩატარება და ისეთი კადრების თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა, რომლებიც შესაძლოა, რეორგანიზაციის პროცესში გაუქმებული/შემცირებული ან მისი შესასრულებელი სამუშაო კორექტირებული იქნას, გამოიწვევს რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას და პროცესის არაეფექტურობას. ასევე, რეორგანიზაციისა და ატესტაციის პარალელურად ჩატარება დამსაქმებლის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების უფრო მეტ საფუძველს გააჩენს და დაუცველს გახდის დასაქმებულ საჯარო მოხელეებს;

საჯარო მოხელეთა ატესტაცია ჩატარდეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურიობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით;

კონკრეტული საჯარო მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს მოხელის კვალიფიკაციის, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამოსობის და არა რაიმე სახის პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად;

საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა თუ სხვა ხელმძღვანელ პირთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან;

ატესტაციის შედეგად რომელიმე საჯარო მოხელის განთავისუფლება ან მისი დაქვეითება მაქსიმალურად უნდა იყოს დასაბუთებული, ასევე ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ატესტაციის შედეგად გამოთავისუფლებულ პოზიციაზე ახლადაყვანილი პირების სამსახურებრივი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ".



Print