რეგიონი
სამეგრელოში ქარმა პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. სტიქიის გამო, წალენჯიხის და მესტიის გარდა, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ყველა მუნიციპალიტეტს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ზუგდიდის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, სადაც ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

აღდგენითი სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს.

ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე და ფოთში, ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა.

სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.
Print