რეგიონი
სამეგრელოში აბონენტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღუდგებათ
სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მუშაობას განაგრძობს გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და გამგეობებთან. კომპანიის მიერ სენაკში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამეგრელოს რეგიონში ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, დარჩენილია აბონენტების მცირე ნაწილი ზუგდიდის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უახლოეს საათებში მოხდება. 

პარალელურად მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. დაზიანებული ხეებისგან გაიწმინდა ქუჩები და პარკები.

ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლის სახურავი და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამივე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა გამოდარებისთანავე მოხდება.

ფოთის მერიაში კი შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქალაქის მთელ პერიმეტრზე აწარმოებდნენ მონიტორინგს. ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა, 17-მდე საცხოვრებელი სახლის, 5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და N1 საჯარო სკოლის სახურავები.

ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მეორე დღეა აგრძელებს მუშაობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აქ ქარმა ერგეტას, ორულუს, ხეცერას, ურთას, ცვანესა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 საცხოვრებელი სახლის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა.

ქარმა დაზარალა აბაშის მუნიციპალიტეტებიც, აქ 30-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

სინოპტიკოსები სამეგრელოში გამოდარებას 24 ნოემბრიდან ვარაუდობენ.


Print