როგორი იქნება ზუგდიდის ბიუჯეტის სოციალური ნაწილი (ვიდეო)
13:59 / 22.11.2016
მომავალი წლის ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის საკითხები საჯაროდ
განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური
უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა, წინა წელთან
შედარებით, გაიზარდა და 1 377 700 ლარს შეადგენს.
ამ მიმართულებით დაგეგმილია ისეთი პროექტები, როგორიცაა უფასო
სასადილეობი, ხანდაზმულთა, ბავშვების, ოჯახების სოციალური დაცვა, ომის
ვეტერანთა მომსახურება, დევნილთა, მარჩენალდაკარგულთა, შშმ პირთა
დახმარება, კულტურული ღონისძიებები, აბილიტაციის პროგრამა და
სხვა სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა კითხვა-პასუხის
რეჟიმში მიმდინარეობდა. შენიშვნების სახით სხვადასხვა თემა
გამოიკვეთა, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების
თანხის გაზრდა, კრიზისული ცენტრის არსებობის აუცილებლობა და სოციალური
პროგრამების გაუმჯობესება.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის
გიორგი თოდუას თქმით, ყველა შენიშვნა,
შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები