პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველომ ევროსკეპტიციზმს ყურადღება არ უნდა მიაქციოს
ჩვენ გვმართებს, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, ევროპის პარტნიორი აღმოსავლეთთან ურთიერთობაში, ეს არის ჩვენი პოზიციონირება და მისი გაგრძელებაა ჩვენი ვალი, რათა არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე ვიფიქროთ, არამედ - იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორია.

როგორც კვირიკაშვილმა ევროსკეპტიციზმის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს ფენომენი ახალი არ არის, თუმცა საქართველო ამ ტენდენციას არ უნდა აჰყვეს.

"ჩვენი მიზანია, ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ საბოლოო მიზანი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარდაქმნების პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუმჯობესებს და ხდის უკეთესს, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობა და ამის შენებაში არავითარმა სკეპტიკურმა ტალღებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ასეთი ტალღები სხვადასხვა დროს იყო საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, რომლებიც ევროპის კავშირის შექმნის სათავეში იყვნენ და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნებად რჩებიან.


Print