რეგიონი
არასამთავრობო: მოსახლეობას სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაცია არა აქვს (ვიდეო)
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "მერკური" სოციალურ სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციამ შედეგები ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 200-მდე ადამიანი გასულ თვეში გამოიკითხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, ორივე ქალაქში, გამოკითხულთა უმრავლესობას მუნიციპალიტეტის სოციალურ სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არა აქვს, ხოლო ამ სერვისებით მოსარგებლეთა დიდი ნაწილი მომსახურებით უკმაყოფილოა.

კითხვაზე, რამდენად სრულად ფარავს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები მოსახლეობის პრობლემებს, რესპოდენტთა 3,4% პასუხობს, რომ ფარავს, ნაწილობრივ ფარავს - თვლის გამოკითხულთა 55,5%, 41,1 % ამბობს, რომ არ ფარავს. ანალოგიურ კითხვაზე ჩხოროწყუში გამოკითხულთა 10,7% პასუხობს, რომ ფარავს, 60%-ის აზრით - ნაწილობრივ ფარავს,  29,3% მიიჩნევს, რომ არ ფარავს. 

ასევე, კითხვაზე რამდენად რთული იყო საჭირო დოკუმენტის შეგროვებისა და წარდგენის პროცესი, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს პროცესი რთულია.

ამავე კვლევის მიხედვით, რესპოდენტები ამბობენ, რომ სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაციას ნაცნობებისგან იღებენ.

კითხვაზე, თუ რა გზით სურთ მათ აღნიშნულ სერვისებზე ინფორმაციის მიღება, გამოკითხულთა უმრავლესობა შეხვედრებს და მასმედიის საშუალებებს ასახელებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია თვითმმართველობებს რეკომენდაციებს აძლევს. ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისას ბენეფიციართა საჭიროებების კვლევები უნდა გამოიყენოს. ასევე, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება, როგორც მასმედიის, ასევე, სხვადასხვა შეხვედრების საშუალებით.

Print