რეგიონი
მუხურის ახლადაშენებული მეფუტკრეობის ბაზა გუბერნატორმა დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სოფელ მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომლის მოწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. ამჟამად სამეცნიერო ბაზაზე მშენებლობა დასრულებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მისი მოცულობა 900 000 ლარს შეადგენს.

Print