რეგიონი
ზუგდიდის სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორები კობა ანთია და ონისე ლაგვილავა დამნაშავედ ცნო.- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ სასჯელის ზომად, ამნისტიის აქტის გამოყენებით, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება,’’- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით ედებოდათ, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ.

Print