რეგიონი
ზუგდიდის სოფლებში დაგეგმილი პროექტების ნაწილი წელს ვერ განხორციელდება (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თემებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში გათვალისწინებული 307 - დან მხოლოდ 215 პროექტი განხორციელდა. მიზეზებზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გამგეობის ეკონომიკური განვითარების და პროგრამის მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტების ნაწილმა გათვალისწინებულზე მნიშვნელოვანი ფინანსები მოითხოვა, ნაწილი მომავალი წლისთვის გადადო, ხოლო რამდენიმე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით განხორციელდა.

გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ ყურადღება არასწორ ხარჯთაღრიცხვაზე გაამახვილა. მისი თქმით, პროექტების შედგენისას არსებობს ხარვეზები, რომელთაც გამოსწორება სჭირდება.

"ვაღიარებთ, რომ პროექტების დაგეგმვის დროს რაღაც ხარვეზები იყო დაშვებული და ეს მომავალ წელს მაქსიმალურად იქნება გამოსწორებული", - განაცხადა მან.

გამოუყენებელი ფინანსური რესურსი, არანაკლებ 300 ათას ლარს შეადგენს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა, ამავე პროგრამით გათვალისწინებულ იმ პროექტებზე გადანაწილდება, რომელთაც ასევე თანხები დააკლდა.

ცნობისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1 649 317 ლარი იყო გამოეყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი აღნიშნული პროგრამის თანადაფინანსებისთვის 500 000 ლარი მიმართა. პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, შიდა გზების მოხრეშვა, მინი სტადიონების მშენებლობა, სანიაღვრე სისტემების და გარე განათებების მოწყობა ფინანსდება.

Print