რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: თუ ხალხი იტყვის, რომ წავიდე, მე წავალ
სოხუმში მუშაობა დაასრულა პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ VII ყრილობამ. აფხაზური მედიის ცნობით, დელეგატებმა „ქვეყნის საზოგადოებრივ - პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური სიტუაცია განიხილეს, რომელიც, მათი აზრით, კრიზისულია“. ყრილობამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა მოიხსნას და რესპუბლიკაში ახალი საპარეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს.

ყრილობის დელეგატები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს „არ ძალუძთ და არ სურთ, ეროვნული თანხმობის მიღწევა და აფხაზეთის სახელმწიფოს სრულფასოვანი განვითარება“.

„ამცახარას“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ალხას კვიცინიას თქმით, „მთავრობის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების კომპლექსი, კატასტროფულია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ ხაჯიმბას რეჟიმი 2019 წლამდე გაგრძელდება, ეს პროცესები შეუქცევადი გახდება“, - აღნიშნა მან.

ოპოზიციური ბლოკის განცხადებით, თუ რაულ ხაჯიმბა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ნებაყოფილობითი გადადგომის შესახებ, ისინი გეგმავენ მოიწვიონ სახალხო კრება, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

„ამცახარას“ ყრილობის პარალელურად, სოხუმში რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“ და პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“ იყვნენ. 

მიტინგს დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრი ბესლან ბარციცი და პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ესწრებოდა. „სახელმწიფოს მეთაურს ხალხი ირჩევს და არა ცალკეული პიროვნებები, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან. თუ მთელი ხალხი შეიკრიბება და მოითხოვს, რომ წავიდე, მე წავალ“, - განაცხადა ხაჯიმბამ მიტინგზე.


Print