რეგიონი
ხობი ფოთს ახალი მოკლე გზით დაუკავშირდება
ხობი-ახალსოფელი-ჭალადიდის დამაკავშირებელი 10,5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს გუბერნატორი ლევან შონია და ხობის გამგებელი გაეცნენ.

მათივე ცნობით, გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის გარდა, ეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრეები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა. მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უახლესი გზა, რომელიც ხობს ფოთთან აკავშირებს. ახალი გზა ქალაქ ხობში მდინარე "ხობის" ხიდთან იწყება, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველ ხორგას, ახალსოფელს და რკინიგზის სადგურთან მთავრდება. ახალი გზა თეკლათი-ჭალადიდი-ფოთის ავტომაგისტრალს უკავშირდება", - განაცხადა მშენებარე ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ლევან შონიამ.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.



Print