რეგიონი
ზუგდიდში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აგრესიული ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პლიუსებსა და მინუსებზე ისაუბრეს.

ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ემზარ კვარაცხელიას თქმით, კონფერენცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" შაბათს დაანონსებულ აქციას ეძღვნება.

"ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არის, თუ რატომ უნდა მოხდეს საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაცია და ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზიცია. დღევანდელ კონფერენციაზე გვინდა პასუხი გავცეთ ამ კითხვებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის კუთხით ატარებს".

მან აღნიშნა, რომ თუკი შესაბამისი ორგანოები კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამენ, ისინი სხვა სახის ქმედებებზე გადავლენ, რადგან სახელმწიფო მათზე "ძალადობს".

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ სხვადასხვა საკითხი განიხილეს და ამ პოლიტიკის შესაძლო შედეგებისა და საფრთხეების შესახებ სამედიცინო და სამართლებრივი კუთხით იმსჯელეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სხვა ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე, დეკრიმინალიზაცია ნარკომოხმარების მასშტაბებს შეამცირებს. ამავე საკითხზე კონფერენცია პარასკევსაც არის დაგეგმილი.
Print