რეგიონი
ს.კ. "ზუგდიდს", შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ (ვიდეო)
კლუბ "ზუგდიდს" მზია მიქავასთვის ორი თვის საცხოვრებლის ქირა აქვს გადასახდელი. თუკი დეკემბრის ბოლომდე დავალიანება სრულად არ დაიფარება, მიქავა კლუბს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ მან რადიო "ათინათს" უთხრა. მიქავასა და კლუბს შორის, ხუთი თვის წინ ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, მის სახლში თერთმეტ ფეხბურთელს უნდა ეცხოვრა. მიქავა ამბობს, რომ აღმასრულებელ დირექტორთან გელა ინალიშვილთან მოლაპარაკების შემდეგ, 26 ივნისიდან მისი სახლი იქირავეს. პირობის თანახმად, კლუბს, ქირასთან ერთად, გაზისა და შუქის ფული უნდა გადაეხადა. ამასთან, უშუალოდ ფეხბურთელებს, ინტერნეტის გადასახადის გადახდაც ევალებოდათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელფასს არ ურიცხავდნენ, ხშირად ეთიშებოდათ.

"მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ხელშეკრულება დავდე, რომელსაც ხელი მოვაწერე. მე რომ ეს შეთანხმება დავარღვიო, მეტი მიზეზი ექნებათ, რომ დავალიანება არ გადამიხადონ", - თქვა მზია მიქავამ.

მან ფინანსური პრობლემების აღმოსაფხვრელად კლუბს რამდენჯერმე მიმართა. ჰპირდებოდნენ, რომ ფულს ჩაურიცხავდნენ, თუმცა, ელექტროეენერგიის დავალიანების გამო, მას შუქიც ჩაუჭრეს. მას შემდეგ, რაც მიქავამ, დავალიანების, 230 ლარის გადახდა მოითხოვა და კლუბისგან ეს თანხა ვერ მიიღო, ვიცე-პრეზიდენტს ლევან გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც ეს თანხა "საკუთარი ჯიბის ფულით" დაფარა.

მისივე თქმით, პირველი ორი თვის განმავლობაში, ფეხბურთელებს საკვებს ორი მზარეული უმზადებდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

"ჩვენ ვერ გაჭმევთ, ხელფასებს გაძლევთ - უთხრეს კლუბის წარმომადგენლებმა ბიჭებს. ამ დროს ხელფასებსაც არ უხდიდნენ. დარჩნენ მშიერი ბიჭები და მათთვის ადგილობრივ ფეხბურთელებს სახლიდან მოჰქონდათ საკვები".

ის, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გელა ინალიშვილს ვერ უკავშირდება. მიქავამ ქალაქის მერთან შეხვედრაც სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

კლუბის ხელმძღვანელობა რადიო "ათინათის" ზარებს არ პასუხობს.

Print