რეგიონი
ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქცია თებერვლიდან დაიწყება
ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მოხდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58 ათასი ლარი გამოიყო.

თეატრის დირექტორის ზურაბ ეგუტიას თქმით, ამჟამად შენობის აღდგენა-გაძლიერების პროექტის შედგენაზე, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს, რისი დასრულების შემდეგ შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

"თეატრის შენობის არქიტექტურულ და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს მთლიანად "ქართუ ჯგუფი" დააფინანსებს. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ, დღეში ორჯერ რეკავენ...სამშენებლო სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება და 2018 წელს დასრულდება", - უთხრა რადიო "ათინათს" ზურაბ ეგუტიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის სახლ "ოდიშში" იმართება.

Print