რეგიონი
ნაბაკევსა და ოტობაიაში მდებარე გამშვები პუნქტები ერთ თვეში დაიხურება
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა ადმინისტრაციულ საზღვარზე „გამშვები პუნქტების განთავსების შესახებ დადგენილებაში“ ცვლილებები შეიტანა. იურიდიული განყოფილების უფროსის განცხადებით, დადგენილების პროექტის თანახმად, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში მდებარე გამშვები პუნქტების დახურვა იგეგმება.

„რჩება ორი პუნქტი. იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ტრანსპორტის მიმოსვლა, მივიღებთ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ“, - განმარტა ლაშა ცაავამ.

„პრემიერ - მინისტრმა“ ბესლან ბარციცმა განაცხადა, რომ გასულ წელს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, გალის რაიონის დაბალი ზონის ტერიტორიაზე, საზღვრის გასწვრივ მდებარე გზის შესაკეთებლად, 150 მილიონი რუბლი დაიხარჯა და მთლიანად აღდგენილია გზის საფარი. გარდა ამისა, გალის რაიონის ადმინისტრაციამ ავტობუსი დანიშნა, რომელიც ენგურის ხიდამდე მოძრაობს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დადგენილება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.



Print