რეგიონი
აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადა გაზაფხულამდე გაგრძელდა
აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადა 2017 წლის 5 აპრილამდე გაგრძელდა. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების უფროსმა ლაშა ცაავამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა, „ახალი პასპორტის მიღების მსურველთა დიდმა ნაკადმა და მოახლოებულმა არჩევნებმა განაპირობა“.

„პრემიერ - მინისტრის“ ბესლან ბარციცის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, ეს საპენსიო ასაკის მოქალაქეებს ეხებათ, რადგან მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს ოპერატიულად მოაგვაროს პასპორტის შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები.

თავის მხრივ, შს მინისტრმა ასლან კობახიამ დაადასტურა, რომ 1000-ზე მეტი პასპორტი უკვე მზადაა და მფლობელებს მათი მიღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მან აღნიშნა, რომ სამუშაოები გრაფიკის თანახმად მიმდინარეობს და განცხადების შეტანის შემდეგ, ახალი პასპორტები ორ კვირაში მზადდება.

Print