რეგიონი
როგორი იქნება განახლებული ენგურჰესი (ფოტო)
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის.

"მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე. სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება",- ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.

Print