რეგიონი
სოხუმმა გაეროში სიტყვის უფლება მოითხოვა
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ გაეროს ახალ გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს წერილით მიმართა. სოხუმი ითხოვს, რომ მას გაეროში, საქართველოსთან კონფლიქტის თაობაზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეს.

„აფხაზეთის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ჟენევის დისკუსიებში, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო ფორმატია, რომლის ფარგლებში, ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და აზრის გამოთქმა შეგვიძლია, ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო სივრცეა, სადაც აფხაზური და ქართული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან“, - აღნიშნა დაურ კოვემ.

თუმცა, მან აქვე მიუთითა, რომ საქართველოს წარმომადგენელებს თავისი პოზიციის გასაჟღერებლად გაცილებით ფართო შესაძლებლობები აქვთ, რადგან ისინი სხვადასხვა საერთაშორისო სივრცეს იყენებენ, მათ შორის, ისეთ ავტორიტეტულსაც, როგორიცაა - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

დაურ კოვეს თქმით, „აფხაზეთის რესპუბლიკა მოკლებულია ასეთ შესაძლებლობას, რაც აფხაზურ და ქართულ მხარეს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. შესაბამისად, ასეთი ვითარება არ ემსახურება მშვიდობის დამყარებას და არსებული უთანხმოებების დაძლევას“.

Print