რეგიონი
დედ-მამით ობოლი ბავშვები ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ სოციალურ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

ცვლილებები შეეხო სხვადასხა კატეგორიისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელების წესებს. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით მიიღებენ. ამისთვის მეურვემ მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება მერის სახელზე, ბავშვის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები, მეურვის პირადობის მოწმობის ასლი, დედ-მამის დაბადების მოწმობის ასლები, მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, 80 უმწეო კატეგორიის უსახლკარო ოჯახს, რომელსაც ბინის ქირისთვის 110 ლარს აუნაზღაურებენ. ცვლილებები ეხება მედიკამენტებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას. ამასთან, საუბარია სოციალური საწარმოს პროგრამაზე, რომელიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. დღესვე საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაც დაატკიცა.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2017 წლის პირველ სხდომაზე დღეს შვიდი საკითხი განიხილეს.

Print