რეგიონი
რუსმა სამხედროებმა სოფელ წებელდაში მდებარე ეკლესიის ნანგრევები გაანადგურეს
სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ეკლესია და პატარა სასაფლაო გაანადგურეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში რეგისტრირებული ტაძარი, ოდესღაც, წებელდაში კომპაქტურად ჩასახლებულმა პოლონელებმა ააგეს. იქვე იყო მათი სასაფლაოც. ამ დროისთვის, ეკლესიის ფუნდამენტი და ნანგრევების ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, “თავდაცვის სამინისტროს” გადაეცა, რომლის განკარგულებით, 3 იანვარს, მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.

წებელდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გრიგორი კალიადჯანის და აფხაზი დეპუტატის გენადი შინკუბას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

კულტურის სამინისტროს სპეციალისტების განცხადებით, შედგენილია შესაბამისი ოქმი, თუმცა, მათივე თქმით, ეკლესია და სასაფლაო აღდგენას არ ექვემდებარება. დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილის ბატალ კობახიას განცხადებით, სასაფლაო მემორიალური ობიექტია და მისი აღება მხოლოდ სპეციალური ნებართვის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. გარდა ამისა, კობახიამ აღნიშნა, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე დიდი ხანია, სამხედრო სწავლებები იმართება, რაც სოფლის მცხოვრებლებისთვის საშიშროებაა და ზიანს აყენებს მათ სახლებს და საქონელს. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ არა ერთხელ მიმართა რაიონის ხელმძღვანელს და სამხედროებს, თუმცა, ამას რეაქცია არ მოჰყოლია.

ბატალ კობახიამ აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიგონის მახლობლად ასევე მდებარეობს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი „წებელდის ციხესიმაგრე“, რომელსაც, სამხედრო სწავლებების გამო, განადგურების საფრთხე ემუქრება.

ამ დროისთვის, ყველა სამუშაო შეჩერებულია. საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, დე ფაქტო მთავრობა სიტუაციაში გარკვევას და გამოსავლის პოვნას შეეცდება.

Print