რეგიონი
ზუგდიდის გამგეობასა და საკრებულოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საკადრო ცვლილებები გრძელდება. გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაგდალინა თოდუა დაინიშნა, ხოლო საკრებულოს ამავე სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი მერი შენგელაიამ დაიკავა.

მანამდე, თოდუა საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შენგელაია კი ამავე სამსახურის წამყვანი სპეციალისტი იყო.

გამგეობაში ზემოაღნიშნული სამსახურის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს. ის გამგეობის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გეგმავს.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა ლაშა გოგიამ საკადრო ცვლილებები გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიას და მშენებლობის სამსახურის უფროსის ჯაბა არდიას გათავისუფლებით დაიწყო. ასევე, გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.

Print