რეგიონი
ახალი ათონის ნაკრძალში ისტორიული წარწერების შემცველი კედელი დაშალეს
2016 წლის ოქტომბერში, ახალი ათონის ისტორიულ - კულტურული ნაკრძალის „ანაკოფიის“ ხელმძღვანელმა ალხას არგუნმა დაშალა „ანაკოფიის მთაზე არსებული ქრისტიანული ტაძრის საკურთხეველთან მდებარე კედელი, რომელიც „უძველეს ნაშთებს“ ინახავდა. ეს უნიკალური ექსპონატებია, რომელთა დათვალიერება 100 წლის განმავლობაში, მილიონობით ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის კედლის ფრაგმენტების ადგილმდებარეობა და მდგომარეობა უცნობია", -  წერს თავის გვერდზე „ფეისბუქ“ მომხმარებელი ნატალია მილოვანოვა.

ალხას არგუნის განცხადებით, ანაკოფიაში შუა საუკუნეებით დათარიღებული ლაპიდარული ძეგლების ამოღება დე ფაქტო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ იყო სანქცირებული.

„სიმართლე ისაა, რომ ეს იძულებითი ზომა იყო, შავი არქეოლოგებისა და ვანდალიზმის გახშირებული ფაქტების გამო. 2016 წლის მაისში, ჩვენ შესაბამისი წერილით მივმართეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თუმცა უწყებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. მაშინ მე მეცნიერებათა აკადემიას მივმართე, იქ ჩვენი მოთხოვნით საგანგებო სხდომა ჩატარდა. შედეგად, შემუშავდა დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით კულტურის სამინისტროსა და ახალი ათონის ისტორიულ არქიტეტურული ნაკრძალის ხელმძღვანელობისთვის", - განაცხადა არგუნმა.

ნაკრძალის ხელმძღვანელი ახალი ათონის ლაპიდარული ძეგლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს კანონიერად მიიჩნევს. მისი თქმით, ამოღებული ქვის დეტალებს ათონის მუზეუმში გამოფენენ. 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ახალი ათონის ნაკრძალის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას დე ფაქტო აფხაზეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ისინი ალხას არგუნის უწყებისგან ოფიციალურ განმარტებებს ითხოვენ.

Print