რეგიონი
თავდაცვის მინისტრმა I ბრიგადის ასეული ავღანეთში გააცილა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა. ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს.

„მე უკვე ორჯერ ვესტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან. დარწმუნებული ვარ, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში აღნიშნული ასეულის მოღვაწეობა სწორედ იმ სამხედრო ტრადიციების და პროფესიონალიზმის განმტკიცება და გაგრძელება იქნება, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიის ფარგლებში ასრულებენ და ამ მხრივ ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალ დონეზე ვართ შეფასებულები,“ - განაცხადა იზორიამ.

გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში საერთაშორისო მისიას შეასრულებს.

Print