რეგიონი
აფხაზეთს შესაძლოა ელექტოენერგიის მიწოდების პრობლემები შეექმნას
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. "ჩვენ უახლოეს მომავალში შევხდებით, ვისაუბრებთ ამ კონკრეტულ საკითხზე. როგორც შარშან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დროულად იქნას მოგვარებული და ელექტროენერგიის თვალსაზრისით მათ პრობლემები არ შეექმნათ".

ენგურჰესის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, წყალსაცავში წყლის დონე ამ დროისათვის 438 მეტრით შემცირდა. "წყლის ეს მოცულობა 20 თებერვლამდე იქნება საკმარისი. ჯერჯერობით არის წყალი, თუმცა, მერე რა იქნება, არ ვიცი. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის იმპორტს არ განახორციელებს, ან მის მოხმარებას არ შეზღუდავს, აფხაზეთი, შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს“, - თქვა მან.

ენგურჰესის ობიექტების ფუნქციონირების საკითხებს აფხაზური და ქართული მხარეები ერთობლივად და შეთანხმებულად ახორციელებენ. 1992 წელს მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო მოიხმარს, 40%-ს - აფხაზეთი.


Print