რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს ენმ-ის წევრმა ბათლომე შელიამ პარტია დატოვა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბათლომე შელიამ პარტია დატოვა. მან ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. საკრებულოს წევრი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის რთული იყო.

"დღეს დავტოვე ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო შინაგანად რთული, მაგრამ მოცემულ რეალობაში ჩემგან გარდაუვალი გადაწყვეტილება. ვინც ჩახედულია პროცესებში მათთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. ამიტომ მიზეზებზე არ დავწერ, უბრალოდ ვიტყვი მხოლოდ ერთს: კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი და არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი და კონკურენტული ახალი ოპოზიციის შექმნა და წარმატება გამრიცხულია... 2010 წლიდან დღემდე იყო და არის პარტიულზე ბევრად უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობებიც და რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვერანაირი პარტიული ინტერესები ამ მეგობრობას ვერ მოშლის. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ და იმედი მაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე აუცილებლად მივა. სადაც არ უნდა გადავინაცვლოთ, მიზანი ერთია-საქართველოში არაფორმალური და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ გუნდის გაყოფაზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს. ყოფილი მმართველი პარტია ამ ეტაპზე, დაახლოებით, 60-მდე წევრმა დატოვა.

Print