რეგიონი
Human Rights Watch გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს
Human Rights Watch ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოცაა განხილული. ორგანიზაცია მედიის დამოუკიდებლობის ნაწილში "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავა 2016 წელსაც გრძელდებოდა და შეშფოთებას იწვევდა მედიაში ხელისუფლების ჩარევა.

აქვე წერია, რომ ივნისში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო რუსთავი 2-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რადგან ხალვაშის სასამართლო პროცესს, მათი თქმით, ხელისუფლება მართავს ოპოზიციური ტელეარხის ხელში ჩასაგდებად.

კვლევაში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე ქვეყანაში. წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნებაზე, რომელიც ავტორების თქმით სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. წინასაარჩევნო გარემოს მიმოხილვისას კი ნახსენებია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების, ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე სროლისა და ქართული ოცნების სამ აქტივისტზე თავდასხმის ფაქტები.

ანგარიშის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილში მოხვდა ე.წ. კაბელების საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილზე.

"ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე კითხვებს აჩენდა შერჩევითი სამართლის და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თაობაზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და არასათანადო მობყრობაზეც.

"საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი, ეფექტური მექანიზმი სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად,"- ნათქვამია ანგარიშში და მოტანილია გასულ წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი ორწლიანი ანგარიში, რომელიც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ წამებას და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე მოხვდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ტრანსგენდერებზე თავდასხმის ფაქტებიც.




Print