რეგიონი
დაიშლება თუ არა ზუგდიდში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა"
მას შემდეგ, რაც ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ბათლომე შელიამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, საკრებულოში ყოფილი მმართველი პარტიის ფარაქციის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, როგორც შელია აცხადებს, ის ჯერჯერობით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ აპირებს.

"ამ ეტაპზე ვარ ფრაქციის უპარტიო წევრი და ვიქნები იქამდე, სანამ ან მე არ მივიღებ გადაწყვეტილებას ფრაქციის დატოვებაზე, ან ფრაქციის დანარჩენი ორი წევრი არ ისურვებს ჩემთან თანამშრომლობას", - აცხადებს ბათლომე შელია.

საკრებულოს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ შელიას შესახებ ფრაქციაში ჯერ არ უმსჯელიათ და შესაბამისად, ითანამშრომლებენ თუ არა ყოფილ თანაპარტიელთან, გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

"ფრაქციის თავმჯდომარე ლევან კონჯარიასთან ჯერ არ მისაუბრია და ვერ გეტყვით, თუ რა იქნება მომავალში. თუმცა, ჩემი აზრით, შელიამ არა თუ ფრაქცია, არამედ საკრებულოს წევრის მანდატიც უნდა დატოვოს. მას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, რადგან ის მაჟორიტარი დეპუტატიც კი არ არის და საკრებულოში პარტიის პროპორციული სიით მოხვდა", - თქვა ანა წითლიძემ.

თანაგუდელისგან განსხვავებით, ბათლომე შელია მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და წითლიძის ამ განცხადების პასუხად ამბობს, რომ ქვეყნისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დასაცავად ბევრი იბრძოლა.

"ბოთლები, ქვები, ხელკეტები, ლანძღვა, ყველაფერს ვედექი წინ, უკან არ დამიხევია და ახლა ჩემი შეხედულებები რომ მქონდეს პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე, ეს არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას არ მაკისრებს... მით უმეტეს, ჯერ არავინ იცის ამომრჩევლის რა ნაწილი ეთანხმება ჩემს ამ გადაწყვეტილებას... ვინც არ მეთანხმება, მომავალ არჩევნებზე ხმას არ მომცემს და ეს იქნება პასუხი ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე", - აცხადებს ბათლომე შელია.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს. ყოფილი მმართველი პარტია, ამ ეტაპზე, დაახლოებით, 60-მდე წევრმა დატოვა. მათ შორის, არიან ზუგდიდელი დეპუტატები ლაშა დამენია,ლელა ქებურია და თენგიზ გუნავა.


Print