რეგიონი
ანაკლიის პორტს, შესაძლოა, ოპერირება უმსხვილესმა პორტოპერატორმა გაუწიოს (ვიდეო)
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტოპერატორის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი და ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი დღეს ანაკლიაში იმყოფებოდნენ. მათ ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერეს და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთეს.

"ჩემი ჩამოსვლის მიზანი ის არის, რომ ოპერირება გავუწიოთ ანაკლიის პორტს, როდესაც დამთავრდება მისი მშენებლობა. ეს ადგილი არის კარგად პოზიცირებული, რომ მოხდეს პორტის აშენება და მან გაამართლოს კომერციულად", - განაცხადა უოთერსმა.

ახვლედიანის თქმით, SSA Marine ერთ-ერთი უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია. შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია ანაკლიის პორტის ოპერირებას სწორედ საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების კუთხით განახორციელებს.  

"ჩვენ გვყავს სამი სხვა კანდიდატი, თუმცა SSA Marine არის მოწინავე კანდიდატი, რომელთანაც უფრო ღრმად ვართ მოლაპარაკებებში, ვიდრე სხვებთან", - აღნიშნა მან.

ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებას მსოფლიო კლასის პორტოპერატორთან SSA Marine-თან მართავს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად მოლაპარაკებებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს. პორტის ოპერატორს 2017 წლის პირველ კვარტალში გამოავლენენ.


Print