რეგიონი
სასოფლო-სამეურნეო პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში რეგიონული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა სამეგრელოში“ პრეზენტაცია გაიმართა. სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადგომით, ქვეყნის მასშტაბით, პროექტები ხორციელდება. სამეგრელოში პროექტის ორგანიზატორია „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“.

„ფერმერებმა უნდა აითვისონ უნარები და შეიძინონ ცოდნა, რომ გაზარდონ დასაქმების დონე და გააუმჯობესონ რეგიონის ეკონომიკური სიტუაცია. რეგიონი, თავისთავად, არის ძალიან მდიდარი, მაგრამ არსებობს ცოდნისა და კომპეტენციის პრობლემები. ვფიქრობთ, რომ საჯარო და კერძო სექტორების ჩართვით, ჩვენ შევძლებთ გავაუმჯობესოთ ტრენინგების სისტემა ამ რეგიონში. დარწმუნებულები ვართ, რომ აქ გვეყოლება პარტნიორები, რომლებიც ამას ხელს შეუწყობენ“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროექტის მენეჯერმა რუდგერ ჰეიგნმა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწეთა შესაძლებლობების ზრდა და ფერმერებისთვის საკონსულტაციო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ის სამეგრელოში 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

Print