რეგიონი
ნინო კასრაძის საუბრები ესმა ონიანზე ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მსახიობმა ნინო კასრაძემ ქართველი მხატვრისა და პოეტის ესმა ონიანის წიგნი „ისევ მე ვარ, ისევ მოვსულვარ!“ წარადგინა. მან ავტორზე ისაუბრა და მისი ლექსები წაიკითხა. კასრაძის თქმით, დღევანდელი საღამოს მიზანია, პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ არ იცნობს საზოგადოება ისეთ დიდ პოეტს, როგორიც ონიანია. 

მსახიობმა ესმა ონიანის, როგორც პოეტის დაფასებაზე, თავის დროზე, მწერლის რეზი თვარაძის სიტყვები წაიკითხა:''ეს იყო სიმძაფრე, რომელიც ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა ანა კალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდე ვერ აიტანა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალ ასეულათასიანი მკითხველის პოეტი”.

როგორც ნინო კასრაძემ აღნიშნა, ის ყველაფერში ეთანხმება თვარაძეს, გარდა ერთისა, ესმა ონიანის ლექსები უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის და სწორედ მისი ლექსების პოპულარიზაციას ემსახურება დღევანდელი საღამო. მსგავსი შეხვედრები თავად კასრაძისა და მწერლის ზვიად კვარაცხელიას ინიციატივით საქართველოს მასშტაბით იმართება.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ და „არტანუჯმა“ ცოტა ხნის წინ გამოსცეს ესმა ონიანის „ასი ლექსი“, „არტანუჯმა“ კი პოეტის სრული შემოქმებითი მემკვიდრეობა - „ისევ მე ვარ, ისევ მოვსულვარ“.

Print