რეგიონი
ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე 84 მილიონი ლარი დაიხარჯება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში უახლოეს მომავალში წყალარინების ქსელის მშენებლობა დაიწყება. პროექტი სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობისთვის 84 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც აზიის განვითარების ფონდმა გამოყო. პროექტი 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.

ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ გერმანული სამშენებლო კომპანია ,,Ludwig Pfeiffer“, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს, მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. 

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბათლომე შელიამ არ დაუჭირა მხარი. მისი თქმით, მოსაკრებლის გაუქმებაზე თანხმობის გაცემით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათასი ლარით იზარალა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ ზუგდიდელებს წყალარინების ქსელის მოწყობის დაფინანსება მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ,,Ludwig Pfeiffer“-ს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის გერმანიაში, დრეზდენის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, საფრანგეთში, ვერსალის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.

Print