რეგიონი
გუბერნატორი: ზუგდიდში დასუფთავების კუთხით მეტი მუშაობაა საჭირო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქალაქის ვიცე მერსა და ორივე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსებს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნატორმა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებული საჭიროებები მიმოიხილა.

"ზუგდიდის დასუფთავების სამსახური სანიმუშოა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, რომ არ გვქონდეს პრობლემური კერები არსად. ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით და მათ სანიმუშოდ უნდა დავხვდეთ", - განაცხადა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა.

მან უამინდობისა და ყინვის გამო დაზიანებულ გზებზეც ისაუბრა. გუბერნატორის თქმით, გზის საფარი დროულად უნდა შეკეთდეს.

"დაელაპარაკეთ კონტრაქტორ კომპანიებს, კეთილი ინებონ და შეასრულონ ვალდებულება. ორმული შეკეთების სამუშაოები სასწრაფოდ ჩასატარებელია, ყინვის შედეგად გზები გაფუჭებულია, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე ანაკლიის, ჩხოროწყუს და მესტიის მიმართულებით. დროული რეაგირებაა საჭირო, რომ მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები არ შეექმნათ", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზუგდიდის გამგებელმა და ქალაქის ვიცე-მერმა განაცხადეს, რომ კონტრაქტორ კომპანიებს უკვე ესაუბრნენ და გზების შეკეთება გამოდარებისთანავე დაიწყება.

Print